2001 წელს, როდესაც ჯასტინ ტიმბერლეიკი იმ პერიოდის პოპ ფენომენად ქცეული ბენდის, 'N Sync-ის ლიდერი იყო, მაიკლ ჯექსონისგან უცნაური სატელეფონო ზარი მიიღო. ზარის შინაარსი შეეხებოდა სპეციალურად ჯექსონისთვის დაწერილ სიმღერას Gone, რომლის სოლო შესრულებაზეც პოპის მეფემ უარი განაცხადა.
“[დარეკვისას] მაიკლმა მითხრა, რომ მას ამ სიმღერის შესრულება დუეტში, ჩემთან ერთად უნდოდა. მე ვიფიქრე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დუეტი 'N Sync-ს და ჯექსონს შორის, მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ ეს დუეტი უშუალოდ მას და ჩემს შორის უნდა ჩაწერილიყო.”
როგორც მუსიკოსი იხსენებს, ეს იყო ის კონკრეტული მომენტი, როდესაც მან საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნა და დარწმუნდა საკუთარი სოლო კარიერის საჭიროებაში. თუმცა, შეცდომა იქნება მისი მუსიკალური ნიჭის შეფასება უშუალოდ 'N Sync-ით დავიწყოთ, რადგან ის ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გახდა შოუ ბიზნესის სრულყოფილი წევრი.
“მიკი მაუსის კლუბი” ასე ერქვა დისნეის მიერ შექმნის სატელევიზიო შოუს, სადაც ჯასტინთან ერთად ბრიტნი სპირსი, კრისტინა აგილერა, რაიან რეინოლდსი და მუსიკოსი JC Chasez მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, 1995 წელს, ჯასტინი და JC Chasez ბენდ 'N Sync-ის წევრები გახდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფის ერთ-ერთი პროდუსერი Lou Pearlman იყო, რომელმაც წლებით ადრე საკულტო პროექტი Backstreet Boys შექმნა. ერთი შეხედვით ყველაფერი მზად იყო, რომ 90-იანების მომდევნო სუპერჯგუფი გვეხილა და ასეც მოხდა.
“ერთ დღესაც, არც თუ ისე შორეულ მომავალში, როდესაც მუსიკის მოსმენა ტვინში ჩამონტაჟებული მოწყობილობებით შეგვეძლება, თქვენი შვილიშვილები გკითხავენ თუ რატომ უსმენდით მუსიკას პლასტმასის რგოლებით (CD დისკებით). მაგრამ თუ 2000-იანების დასაწყისში გაიხედავთ, ნახავთ, რომ 'N Sync-მა მილიონობით ასეთი რგოლი გაყიდა, ერთ კვირის მასშტაბში კი უფრო მეტი, ვიდრე ვინმემ.” - ასე გამოეხმაურა ამერიკული გამოცემა Billboard ჯგუფის თავბრუსდამხვევ წარმატებას, რომელიც მათ 2002 წლის ალბომს No Strings Attached მოჰყვა.
ერთ კვირაში გაყიდული 2.4 მილიონი ალბომი ისეთი მოვლენა იყო, რომელიც აქამდე ბევრისთვის წარმოუდგენლად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე 2 ალბომი ჰქონდათ გამოცემული, სწორედ No Strings Attached იყო ის კატალიზატორი, რამაც ბენდი მუსიკალური ინდუსტრიის წინა ფრონტზე მოახვედრა. 4 წელიწადში გამოცემული 4 ალბომი მათ საოცარ პროდუქტიულობაზე მიუთითებდა, მაგრამ წლის ყველაზე შემოსავლიანი PopOdyssey ტურნეს შემდეგ ბენდი დაიშალა.
ამის ინიციატორი მაიკლ ჯექსონის ზარით შთაგონებული ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო, რომელმაც სოლო ალბომზე მუშაობა, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ ჯგუფში ყოფნისას დაიწყო. ალბომზე მუშაობის პროცესი მნიშვნელოვნად იყო გასაიდუმლოებული, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ჯასტინს უფრო მეტად R&B სტილში მუშაობა უნდოდა, ვიდრე პოპ ბენდის წევრობა.
“ჩემი მიზანი არ ყოფილა 'N Sync-ის ჟღერადობას გავქცეოდი. ვცდილობდი მრავალგანზომილებიანი ჩანაწერი შემექმნა, რომელიც იმ ვიბრაციას ასახავდა, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოსაა. ეს არის 60-იანი წლები და ის მუსიკა, რომელიც ამ დეკადას აღწერს” - 6 კვირიანი სამუშაო პროცესი Timbaland და Pharrell Williams-თან კოლაბორაციით მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ ალბომზეც აისახა. “ეს პროცესი ჩემთვის მუსიკალურ ოცნებაში ყოფნას ჰგავდა. ვუსმენდი ჰიპ-ჰოპს, კლასიკურ როკს, R&B-ის და ამ ყველაფერმა მუსიკის ახლებურად შექმნა მასწავლა.”
"Cry Me a River", "Rock Your Body" და "Señorita" - ამ სამი კომპოზიციის ხსენებაც კი საკმარისია იმის აღსაქმელად, თუ რა შესთავაზა მუსიკალურ სამყაროს ჯასტინმა თავისი სადებიუტო ალბომით Justified. 2018 წელს, როდესაც Billboard სადებიუტო ალბომებს აჯამებდა, აღნიშნა, რომ Justified “შეიძლება იყოს ყველაზე საკულტო სადებიუტო ალბომი, რომელიც პოპ ბენდის ყოფილმა წევრმა გამოაქვეყნა”.
ასეთი დასაწყისი უკვე აჩვენებდა, რომ ამერიკელი მუსიკოსის სოლო კარიერაც გაიმეორებდა იმ წარმატებას, რომელიც მას 'N Sync-ში ხვდა წილად, მაგრამ ჯასტინს უნდოდა, რომ პირველ რიგში თვითმყოფადი მუსიკალური სამყარო შეექმნა. ის საკვანძო წერტილი, როდესაც მისი და 'N Sync-ის შემოქმედებითი დაშორება მოხდა, ჯასტინის აზრით არის კომპოზიცია "SexyBack", რომელიც მისი და Timbaland-ის სტუდიურ სესიას მოჰყვა.
ეს კომპოზიცია 2006 წლის ალბომის FutureSex/LoveSounds-ის წამყვანი ჰიტი გახდა, რომელმაც ჯასტინს გრემის ჯილდო მოუტანა. როგორც "SexyBack", ასევე მთლიანად ალბომი უფრო მეტად იყო საცეკვაო მუსიკაზე ორიენტირებული, ვიდრე მუსიკოსის წინა ნამუშევრები. გარდა ამისა შესამჩნევი იყო როკის ესთეტიკის გავლენაც, რომელიც ჯასტინმა ასე ახსნა: “მინდოდა ისე მემღერა, როგორც როკ ენ როლის მომღერალს და არა R&B არტისტს” .
ეს ნიშნავს, რომ თუ მისი სადებიუტო ალბომი უფრო მეტად სტივ ვანდერით და მაიკლ ჯექსონით იყო შთაგონებული, აქ უფრო დევიდ ბოუვის და პრინსის გავლენები ჩანდა. აშკარა იყო, რომ ამ ჩანაწერის გამოსვლის შემდეგ პოპ სამყაროს ჯასტინ ტიმბერლეიკზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავი არ ჰყავდა და ეს იმედს აჩენდა, რომ მომდევნო რამდენიმე წელი მისი დომინაციით წარიმართებოდა, მაგრამ ჯასტინის არაპროგნოზირებადობა აქაც გამოჩნდა.
მომდევნო ალბომზე მუშაობის ნაცვლად მან სხვადასხვა არტისტებთან კოლაბორაციებს დაუთმო დრო, რისი შედეგიცაა Timbaland-ის "Give It to Me" , 50 Cent-ის "Ayo Technology" და Madonna'ს "4 Minutes". პარალელურად კი გადაწყვიტა სამსახიობო კარიერისთვის მეტი ყურადღება მიექცია.
მისი ნაბიჯები კინოინდუსტრიაშიც წარმატებული აღმოჩნდა, სადაც მოკლე დროში საკმაოდ ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის Alpha Dog (2006), Shrek the Third (2007), The Social Network (2010), Friends with Benefits (2011), Inside Llewyn Davis (2013). კრიტიკოსებმა ის განსაკუთრებულად შეაქეს დევიდ ფინჩერის The Social Network-ში შესრულებული როლისთვის, სადაც ჯასტინი ფეისბუქის პირველი პრეზიდენტის, შონ პარკერის როლს ასრულებს.
2012 წელს კი ის როგორც იქნა მუსიკას დაუბრუნდა და ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო. “არანაირი წესები და არანაირი მოტივები” - ასე აფასებდა მუსიკოსი ალბომზე მუშაობის პროცესს. თუმცა ყველაფერს მალევე აეხადა ფარდა, როცა ალბომი შემდეგი წლის მარტსა და სექტემბერში ორ ნაწილად გამოიცა და ჯამში ისეთი კომპოზიციები გვაჩუქა, როგორებიცაა "Suit & Tie" , "Mirrors", "Take Back the Night," და "TKO”.
ტიმბერლეიკის მენეჯერი ჯონი რაითი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ Timbaland-ის ჩართულობა ამ ალბომშიც მნიშვნელოვანი იყო: “მათი ურთიერთობა ძმობას ჰგავს. ისინი ერთმანეთთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, როგორც მუსიკალურ, ასევე პიროვნულ კონტექსტშიც. ეს საშუალებას იძლევა, რომ პროცესი მოკლე დროში და უმტკივნეულოდ წარიმართოს.”
ეს ალბომი ამერიკული მუსიკოსის კარიერის რელსებზე დაბრუნების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა, რადგან ის მალე მაიკლ ჯექსონის სიკვდილს შემდეგ გამოცემულ ალბომში გამოჩნდა, შემდეგ კი ახალი ჰიტი "Can't Stop the Feeling!" გამოაცხო, რომელიც ვირუსივით მოედო მთელს ინდუსტრიას.
2018 წელს კი ის Super Bowl -ის მთავარი არტისტი გახდა და თავის მსმენელს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მისი მუსიკალური მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ცოცხალი და აქტუალურია. მისი გამოსვლა ბევრისთვის მოკრძალებული იყო, მაგრამ ჯასტინმა სპეციალურად თქვა უარი მასშტაბურ შოუს ელემენტებზე, რათა მთელი ფოკუსი მუსიკის მიმართ ყოფილიყო. იმავე წელს მუსიკოსი რიგით მე-5 სტუდიური ალბომით Man of the Woods დაბრუნდა, სადაც წამყვანი კომპოზიციებია Filthy, "Supplies" და "Say Something".
ალბომი კომერციულად წარმატებული გამოდგა და ჯასტინისთვის ზედიზედ მე-4 ალბომი აღმოჩნდა, რომელიც ბილბორდის ჩარტის სათავეში მოექცა. Las Vegas Weekly-მ ამ ნამუშევარს არტისტის “ყველაზე ექსპერიმენტული ალბომი” უწოდა, თუმცა ჯასტინის მსმენელისთვის ჩანაწერის მუსიკალური ხაზი მარტივი გასაგები იყო.
პარალელურად ის კიდევ ერთხელ მიუბრუნდა კინოინდუსტრიას და დაუბრუნდა თავის როლს ანიმაციური ფილმის Trolls World Tour- გაგრძელებაში. ამ ფილმისთვის მან ასევე შექმნა საუნდტრეკის დიდი ნაწილი, მათ შორის სინგლები "The Other Side" (SZA-სთან ერთად) და "Don't Slack" (Anderson .Paak-თან ერთად). ფილმის მე-3 ნაწილი კი ბევრი სხვა სიახლის საწყისი აღმოჩნდა.
“ჯასტინი მონდომებულია, რომ პროექტი დაბრუნდეს” - ჭორი, რომელიც 2023 წელს გავრცელდა 'N Sync-ის დაბრუნებას შეეხებოდა, რომელთაც საბოლოოდ ანიმაციური ფილმისთვის სიმღერა "Better Place" ჩაწერეს. ეს იყო ჯგუფის პირველი ჩანაწერი 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ - ჯგუფის გაერთიანება ფანებისთვისაც დიდი სიურპიზი აღმოჩნდა და ჯასტინის მსმენელსაც ძველი ნოსტალგია გაუღვივა. ამას მოჰყვა უამრავი მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ბენდი ალბომზეც მუშაობდა, რაც ნაწილობრივ ჯასტინმაც დაადასტურა.
ფაქტია, რომ მან ბენდთან ერთად სტუდიაში დიდი დრო გაატარა, მაგრამ როგორც ჩანს დრო არც საკუთარი სოლო პროექტისთვის დაუზოგავს. არტისტმა 2024 წელი დიდი სიახლით, თავისი მეხუთე სოლო ალბომით Everything I Thought It Was დაიწყო,სადაც გვხვდებიან კელვინ ჰარისი, Cirkut და მისთვის კარგად ნაცნობი პროდუსერები Danja და Timbaland.
კარგად ნაცნობ R&B ესთეტიკასთან ერთად, მუსიკოსმა ნიუ დისკოს, პოპის და ჰიპ-ჰოპის საზღვრებიც იდეალურად მოსინჯა. ამას მოჰყვა მასშტაბური ტურნე, რომელიც ვანკუვერში დაიწყო და რომელიც საქართველოსაც ეწვევა. ვანკუვერის შოუზე ჟურნალისტმა Stuart Derdeyn ასეთ რამ აღნიშნა: “თუ შენ ამ შოუს დაესწარი, მაშინ იცი, რომ ნახე საუკეთესო შოუ, რომელიც მომღერალს ამ ქალაქში ოდესმე ჰქონია.”
The Forget Tomorrow World Tour უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ, რის გამოც დაემატა ახალი შოუები და ახალი ლოკაციებიც - 2024 წელს დაწყებული ისტორია კი მომდევნო წელსაც გრძელდება და Starring Georgia-ს პროექტსაც მოიცავს.
Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელი უკვე განებივრებულია მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, მაგრამ ჯასტინ ტიმბერლეიკი პოპ მუსიკის ისტორიის კიდევ სხვა ფურცელია, რომელიც აუცილებლად უნდა გამხდარიყო ამ პროექტის ნაწილიც.
ამ შოუს მიმართ მოლოდინების შექმნა უმადური საქმეა, რადგან იქ, სადაც პოპ მუსიკის 30 წლიანი ისტორიაა, რთულია იწინასწარმეტყველო რამე, გარდა დაუვიწყარი გამოცდილებისა.
აყევი ვარსკვლავებს 23 ივლისს, Dinamo Arena-ზე | ბილეთები